Гостьპირადი კაბინეტი

მთავარი > //gadmotvirte.ucoz.ru ()
მთავარი » ფაილები » ლექსები [ მასალის დამატება ]

პატარა ლექსები სიყვარულზე

2011-03-09, 7:09 PM



* * *
მეგონა, ჩემზე ფიქრობდი, მე ხომ ამ ფიქრით ვცდებოდი,
მეგონა, ჩემთვის სუნთქავდი, მე ხომ ამ სუნთქვით ვცხოვრობდი,
მეგონა, შენი თვალები ჩემს სიყვარულს მალავდნენ,
მეგონა, ჩვენი გულები თითქოსდა ერთად სუნთქავდნენ,
მეგონა, ჩვენი ოცნება ფრთებს შეისხამდა, იფრენდა,
მეგონა, შენ მე გიყვარდი, მაგრამ მე მხოლოდ მეგონა...





* * *
იცი რა მინდა? - სიყვარული მინდა მაწვიმდეს,
მიმტროს ამინდმა, გალუმპული სული აწივლდეს,
მან, რაც წავიდა აღარაფრით ავნოს აწინდელს,
დადგეს წამი და ულამაზეს წამად გაცივდეს,
ჩემი მზერიდან თქვენს მზერაში გადავნაწილდე...
ბევრი არ მინდა - სიყვარული მინდა მაწვიმდეს...





* * *
დახუჭე, თვალები დახუჭე,
სინათლე ყველაფერს აფუჭებს,
სიბნელე მათბობს და მაყუჩებს.
არ გინდა? - სიცოცხლეს გაჩუქებ,
თვალებზე შეგახებ ცხელ ტუჩებს,
ეს კოცნა ტკივილებს აყუჩებს.
გთხოვ - შენი თვალები მაჩუქე,
შენი თითები მაჩუქე,
შენი სიზმრები მაჩუქე,
შენი ალერსი მაჩუქე,
უღონო ტუჩები მაჩუქე,
დილა და საღამო მაჩუქე
და ამ ყველაფრის სანაცვლოდ
დარჩენილ სიცოცხლეს გაჩუქებ..



* * *
ჩემს თვალებს შეეჩვია თვალზე ორი ცრემლი,
ორად-ორი ცრემლი შენი მონატრების.
როცა მარტო ვრჩები ვცდილობ არ ვიტირო,
მაგრამ მაინც ჩნდება თვალზე ორი ცრემლი.
სანთელს ავანთებ და ხატთან დავიჩოქებ,
გულზე მომეშვება, ოდნავ დავმშვიდდები,
მაგრამ სანთლის შუქზე მაინც გაბრწყინდება
ორად-ორი ცრემლი შენი მონატრების...





* * *
აკი მითხარი, ღმერთი არ მწამსო?!
მაშ რად იყავი სვეტიცხოველში?
აკი მითხარი, არვინ მიყვარსო?!
მაშ რად იჯექი ცრემლის მორევში?
რად დაუჩოქე ხატებს მოწყენით?
მაშ რად დაანთე წველი სანთელი?
ვიზე თქვი - ღმერთო ძლიერ მიყვარსო?
იმ ბედნიერის მითხარ სახელი...





* * *
მინდა, ჩაგიხუტო მაგრად,
მინდა, რაღაც გითხრა ყურში,
მაგრამ მე უშენოდ ვდგავარ
და შენს ნაფეხურებს ვკოცნი.
ისევ მომენატრე ძლიერ,
ისევ ამედევნე ფიქრად,
ჩუმად გელოდები, მაგრამ
ვაი, რომ ვერ გხედავ სიზმრად.
ვიცი, უშენობა მომკლავს,
ვიცი, დავიღვრები ცრემლად,
მე შენს ნაფეხურებს ვკოცნი
და ფიქრებს მოვყავარ შენთან...





* * *
ღამე, როდესაც სუყველას ძინავს,
მე ხიდთან ვხვდები პატარა გოგოს.
მას გონია, რომ მე იგი მიყვარს,
მაგრამ მე მისი თვალები მომწონს.
ჩემი ტუჩები მის თვალებს ეხება
და ის კრთის, როგორც ჩიტი-ჩიორა,
და მე იმ ღამეს ვაჩუქე კოცნა,
რომელიც კუბოს კარამდე მიჰყვა.
მოკვდა ისე, რომ ვერც კი გაიგო,
რომ მე მომწონდა და არ მიყვარდა,
და მე იმ დღიდან იმის საფლავთან
ლამაზ ყვავილთა კონა მიმქონდა.
ერთხელ, როდესაც ყვავილთა კონა,
დავუდე ლამაზს, ჩემთვის დაკარგულს,
ბრწყინავი ცრემლი შევნიშნე თვალზე,
თითქოს ტიროდა წარსულ სიყვარულს.
და მე იმ დღიდან სხვა ქალი მძულდა,
დროს მე მივყავდი, დროც მე მიმყავდა,
ხალხო გესმოდეთ, რომ ის გოგონა
ცოცხლად მომწონდა და მკვდარი მიყვარს!!





* * *
ნუთუ მიყვარს??
დავწვები და მისი სახე მელანდება, ნუთუ მიყვარს??
ჩუმად, ყურში უცნობი ხმა ჩამჩურჩულებს -
გიყვარს, გიყვარს,
მაგრამ ამ გულს სიყვარული რომ არასდროს განუცდია?!
არ მინდა, რომ ჩემი თავი დავარწმუნო, ნუთუ მიყვარს??
ღამით, ფიქრით ძილგატეხილს, მე ჩემს თავზე მეცინება,
მომასვენე ფიქრის ხროვავ, მომასვენე!
მოდი ჩემთან, ჩამეხუტე სიმარტოვევ!
ჩუმად, გულში ვამბობ, ვფიქრობ - ნუთუ მიყვარს??
ჩუმად, ყურში უცნობი ხმა ჩამჩურჩულებს -
გიყვარს, გიყვარს!!



* * *
რად შეგეშინდა?
მე სიყვარული არ მითხოვია არცერთი წამით,
მე ბალახი ვარ და ყველა ბალახს
უყვარს სიცოცხლის სპეტაკი ნამი,
მე რომ მიყვარდე ბოლოსდაბოლოს,
შენ რას გიშავებ ძვირფასო ამით?
რად შეგეშინდა?
მე სიყვარული არ მითხოვია არცერთი წამით...





* * *
სიყვარულისთვის ყველა მსხვერპლი დასაშვებია,
სიყვარულისთვის არ არსებობს წონა, ასაკი,
გიყვარდეს, მაგრამ მის წინაშე ნუ დაეცემი,
შენ შეგიძლია სიყვარულით იყო მაღალი.
თუ შეგიძლია შეყვარება ბედნიერი ხარ,
რადგან ამ ქვეყნად უნიჭონიც იბადებიან,
მთელი ცხოვრება თამაშობენ სიყვარულობას
და სიყვარული არ იციან ისე კვდებიან...



* * *
რისთვის მიყვარხარ??
რისთვის მიყვარხარ?
მისთვის, რომ ცრემლსა ბადებს ჩემს თვალებში ეს სიყვარული,
მისთვის, რომ მტანჯველს ჩემს ავსა ბედსა, უფრო სასტიკად ებრძვის ეს გული.
რისთვის მიყვარხარ?
მისთვის, რომ შენს თვალს ჩემ გულის ალი არ უდნობს ცრემლსა,
მისთვის მიყვარხარ, რომ მაძლევ ტანჯვას და ამ ტანჯვაში სრულ სიამესა...



* * *
იცი რას ვგრძნობ?
იმას, რასაც ანგელოზები ზეციურ ღვთაებას ეძახიან,
ეშმაკები ჯოჯოხეთის ტანჯვას,
ადამიანები კი - სიყვარულს...



* * *
მე შენ იმაზე მეტად მენატრები, რასაც მონატრება ქვია,
მე შენ იმაზე მეტად მიყვარხარ, რასაც სიყვარული ქვია,
შენ ჩემთვის იმაზე ძვირფასი ხარ, რასაც სიცოცხლე ქვია...




* * *
და განა ერთი? ათასი ღამე შემომიწირავს,
ათიათასჯერ თრთოლვით მითქვამს შენი სახელი,
შენი ლანდის წინ დამიჩოქია მე ვითა მწირსა,
და ცრემლიანი თვალებით მითქვამს შენი სახელი.
და მე სულ ასე შენზე ფიქრში გავათევ ღამეს,
და მე სულ ასე შენზე ფიქრში დამათენდება,
დაგელოდები, მთელი ცხოვრება დაგელოდები,
სანამ ჭაღარა თოვლის ფიფქად დამათოვდება...





* * *
და თუ მივიღე მწარე უარი,
ვით მათხოვარი სიონის კართან,
შემოვალ შიგნით შენს ხატებასთან
და დაგენთები მე წმინდა სანთლად.
ილოცებს იგი სანთელი მარტოდ
და შეავედრებს ღმერთს შენს სიყვარულს,
ილოცებს ვიდრე ცრემლებით სულმთლად
არ დაიღვრება შანდალში მარტოდ.
არ ქვრება მხოლოდ სურნელი მისი,
ვით უკვდავება არის სულისა
და ცივ ზამთარში თოვლის ფანტელი,
რომ დაადნება შენს ლამაზ ტუჩებს,
იცოდე იგი კოცნაა ჩემი
გამოუთქმელი სიყვარულისა...






* * *
სიყვარული სულგრძელია,
სიყვარული არ ჩადის უწესობას,
ჭეშმარიტება ახარებს, ყველაფერი სწამს,
ყველაფრის იმედი აქვს და ყოველთვის ითმენს,
სიყვარული არასოდეს მთავრდება...





* * *
ნეტა რამ შობა ჩემში ეს გრძნობა,
ასეთი ნაზი, ასე ლამაზი?!
ნეტა რა არის ის ჟრუანტელი
შენს დანახვაზე რომ მივლის ტანში?!
იმ იდუმალი სითბოთი სავსე
გული დამიწყებს სხვაგვარად ძგერას,
მხოლოდ შენს ნახვას, მხოლოდ შენს ამბორს
სხვას ვერ ვინატრებ ვერაფერს, ვერა.
და როცა გნახავ ვეღარ ვივიწყებ
ბედნიერების იმ ლამაზ წუთებს,
როს შენი ხილვით მე მომანიჭე
და ეს სიცოცხლე შემიმსუბუქე.
მაშინღა ვხვდები, რომ ეს ნიჭია
ღვთითბოძებული სიყვარულისა,
დაუდგომელი, ვით ქარიშხალი
მაღალ ღმერთისგან მე რომ მეღირსა.
ისე მძაფრია ეს სიყვარული,
როგორც გიჟური ტალღები ზღვისა,
აბობოქრებულ, აფეთქებული
ნაპირისაკენ რომ იქცევს პირსა.
აცხრება ნაპირს, ვით ტყვია ნადირს
და როგორც მეფე ისე იმონებს
ადამიანის გულის იმ ნაწილს,
რაშიც ეს გრძნობა გამოიგონეს.
ნეტა რამ შონა ჩემში ეს გრძნობა,
ასეთი ნაზი, ასე ლამაზი?!
ნეტა რა არის ის ჟრუანტელი,
შენს დანახვაზე რომ მივლის ტანში?!


* * *
ზღვის პირას სილას მიუყვებოდა ხან ორი და ხან ერთი ნაკვალევი.
- ეს ვისი ნაკვალევია უფალო?
- იგი შენს მიერ განვლილი ცხოვრების გზაა შვილო ჩემო.
- ეს მეორე ნაკვალევი ვისია?
- ეს ჩემი ნაკვალევია, მე ხომ მთელი ცხოვრების მანძილზე შენთან ვიყავი?!
- და მაინც მიგიტოვებივარ უფალო! ზოგჯერ სილას მარტოდმარტო მიუყვება ჩემი ნაკვალევი.
- შენ ისევ ცდები შვილო ჩემო! მარტოდ მიმავალი კვალი ჩემია, შენი ცხოვრების უმძიმეს წუთებში, მე ხომ შენ ხელში აყვანილი მიმყავდი?!...


* * *
მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო,
დამეთანხმება ვინც მონატრების იცის ფასი,
ვინც შეხვედრია მონატრების ცრემლით ალიონს
და ამ ცრემლებით ავსებული შეუსვამს თასი.
მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო
და მათიც, ვითაც მონატრებით ქვეყნად უვლიათ,
ჩემი ცხოვრება სიყვარულში მინდა გავლიო,
რამეთუ თავად მონატრებაც სიყვარულია...


კატეგორია: ლექსები | დაამატა: admin
ნანახია: 2522 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
www.all16.tkwww.all16.tk